ლევან კობერიძე - როცა ჩემი კოლეგები მდუმარებით ხვდებიან იმას, რომ ჯანდაცვის მინისტრი მესამედ არ მოდის კომიტეტში, ახალისებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, თავნებობით გააგრძელოს საქმიანობა
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, როცა ჯანდაცვის კომიტეტის წევრები მორჩილად ხვდებიან იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მესამედ ამბობს უარს პარლამენტში მისვლაზე, ეს არის წამახალისებელი, აღმასრულებელი ხელისუფლება თავნებობით აგრძელებდეს თავის საქმიანობას.
კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის არმისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა.
„ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, რომლებიც რეალურად მე მგონია, რომ უნდა უერთდებოდნენ იმ აღშფოთებას, რომ ქალბატონი მინისტრი უკვე მესამეჯერ არ მოდის ჯანდაცვის კომიტეტში, მათ მიერ დაძახებულზეც კი არ მოდის, როდესაც ჩემი კოლეგები ამას ასეთი მორჩილი მდუმარებით ხვდებიან, ეს არის წამახალისებელი ფაქტი იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება რეალურად თავნებობით აგრძელებდეს თავის საქმიანობას, არ მოდიოდეს პარლამენტში და დარგობრივი მინისტრები დარგობრივ კომიტეტებში არ მოდიოდნენ.
ეს ჩემთვის კომიტეტის შეურაცხყოფაა და ვთვლი, რომ ჯანდაცვის კომიტეტი წლებია, პარლამენტში გამოირჩეოდა იმით, რომ საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა, მათ შორის იშვიათად ყოფილა ის ფაქტი, რომ მინისტრები კომიტეტს ასე ექცეოდნენ. ამიტომ დავაყენე საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის წევრებსაც გამოეხატათ თავიანთი მოსაზრება მინისტრის არმოსვლასთან დაკავშირებით. პასუხად მდუმარება მივიღეთ. ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, ეს მინიმუმ გაუგებარია, შესაბამისად, ამის გამო, მე დღევანდელი სხდომა დავტოვე“,- განაცხადა კობერიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ეკატერინე ტიკარაძე „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს და მას დღეს ელოდებოდნენ, თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს მიმართავს თხოვნით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სხდომა გადაიდოს და საკომიტეტო მოსმენისთვის საორიენტაციო პერიოდად განიხილონ მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლო კვირა.