ლევან კობერიძე - იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს მოუსმენს
ბიზნესისთვის დაგვიანებული სამართალი იგივეა, რაც არარსებული სამართალი, ჩვენ ქვეყანაში ორივე გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია გვაქვს და რეალურად არც ინვესტიციები შემოდის და არც ადგილობრივი ბიზნესმენები ახორციელებენ უფრო ძლიერ ეკონომიკურ აქტივობას. ეს სასამართლო სისტემის გამო ხდება. რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩვენი არ ესმის, იმედი მაქვს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს, რომელზეც სულ აცხადებენ, გაფაციცებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთო, იმედია, ახლა მოუსმენენ. დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ჩვენი განცხადებები სწორედ რომ ერთმანეთს ემთხვევა. იმედია, აღიარებენ, რომ თავის დროზე ამ თემასთან დაკავშირებით ისინი სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებულად სცემდნენ პასუხებს. ბიზნესისთვის დაგვიანებული სამართალი იგივეა, რაც არარსებული სამართალი. ჩვენ ქვეყანაში ორივე გვაქვს. ერთი – ბიზნესდავებთან მიმართებით ღია სივრცის უკანა ოთახებში განხილვის მსჯელობები გვაქვს. საჯაროდ უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, როგორ ხდებოდა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ძალიან ბევრი, გარკვეული ბიზნესდავების განხილვა. მეორე – დაგვიანებული სამართალი გვაქვს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ ჩანაწერს, ლევან კობერიძის თქმით, ანგარიშში აღნიშნულია მომიტინგეთა დაშავების ფაქტები.
„ამ და ბევრ ანგარიშში მითითებულია ის, რომ მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს 48 ჟურნალისტს დაზიანებები აქვს მიღებული და მიტინგის მონაწილეებს ღია ჭრილობები აღენიშნებათ. შესაბამისად, ყურადღებას, პირველ რიგში, ამაზე გავამახვილებ, როგორ იქცეოდა მაშინ ხელისუფლება, როდესაც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაც კი არ უნდოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირ ღია ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 170 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი. ანგარიშში 2019 წლის ივნისის მოვლენებზე და მომიტინგეთა დაშავებაზეც არის საუბარი. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც.