ლევან კობერიძე - ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პროცესები შეთანხმებული არ იყოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან
ლევან კობერიძე - ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პროცესები შეთანხმებული არ იყოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან

პროცესები უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ფორმატს იძენს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ პროცესები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყოს.

„ჩვენ ახლა სპექტაკლის მომსწრენი ვართ, რომელიც საკმაოდ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ფორმატს იძენს. ის ადამიანები, რომლებიც ხელის მომწერები თვითონ არიან, რატომღაც უცებ ასე დამწკრივებულები სათითაოდ აკეთებენ განცხადებას და ეჭვქვეშ აყენებენ, ღირს თუ არა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს შეთანხმებული არ იყოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან და ერთიანი სცენის ნაწილი არ იყოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ქვეყანაში კიდევ უარესი მდგომარეობა გვაქვს. მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ძალიან საშიშია, როდესაც ის ხელისუფლებაშია და საშიშია, როდესაც ქვეყანას მართავს. რადგან მას თავისი გუნდის შიგნით ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არ ძალუძს გამოაჩინოს ერთიანობა. სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნებზე სიაში ადგილის გამყარების მიზნით ცალკეული დეპუტატები ვაჭრობენ და ქვეყანაში ასეთ დესტაბილიზაციას ქმნიან. ან ეს რეალურად არის თამაში და სპექტაკლი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნება“ დაანახოს პირველ რიგში ჩვენს პარტნიორებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს არის არა ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტის შედეგი, არამედ მათი პოლიტიკური დივიდენდი ქვეყნის დემოკრატიაში. მათ ეს არ გამოსდით და ამაზე არიან ძალიან დადარდიანებულნი“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.