ლევან ხაბეიშვილი - სირცხვილის კორიდორებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მე არ ვეთანხმები
სადმე რაიმე კორიდორი თუ იქნება, ეს შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„აი, მაგალითად თამარ ჟვანია თუ სადმე მივა საარჩევნო უბანზე, აუცილებლად იქ დახვდება სირცხვილის კორიდორი, საუბარია, მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, თუ ასეთი რამე დაიგეგმება. სხვა შემთხვევაში რამე სირცხვილის კორიდორებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მე არ ვეთანხმები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.
ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.
მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.