ლევან იზორიას განცხადებით, 2019 წლის მარტში უპრეცედენტო მასშტაბის პრაქტიკულ საველე სწავლებები გაიმართება
2019 წლის მარტში ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის პრაქტიკულ საველე სწავლებებს გავმართავთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, სწავლება, რომელიც დაგეგმილია, იძლევა უფრო ფართო ფორმატს, როგორც ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის თვალსაზრისით, ისე იმ ინფრასტრუქტურის გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც სამხედრო ბაზები ქმნიან.
„2019 წლის მარტის თვეში ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის პრაქტიკულ საველე სწავლებებს ჩავატარებთ. თქვენ იცით, რომ აქამდეც ჩაგვიტარებია ნატო-საქართველოს სწავლებები, მაგრამ ის ძირითადად ორიენტირებული იყო სამეთაურო-საშტაბო სწავლებებზე და მონაწილეთა რაოდენობაც იყო შეზღუდული. სწავლება, რომელიც დაგეგმილია, გვაძლევს უფრო ფართო ფორმატს, როგორც ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნის ჩართულობის თვალსაზრისით, ისე იმ ინფრასტრუქტურის გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენი სამხედრო ბაზები ქმნიან და საუკეთესო პირობები იქმნება საველე პირობებში სწავლებების ჩასატარებლად”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ამასთან, დაგეგმილია, რომ წვრთნებთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვა.