ლევან იზორია - წოდების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის მატება 100 ლარიდან 500-ლარამდე მერყეობს
წოდების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის მატება 100 ლარიდან 500-ლარამდე მერყეობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება 2019-2020 წლებში ამავე პრინციპით გაგრძელდება.
„წელს ხელფასები მოვუმატეთ დაახლოებით 3 ათას სამხედრო მოსამსახურეს. იმის გათვალისწინებით, თუ რა წოდება ჰქონდათ. დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურისთვის 2020 წელს სახელფასო პირობები გაუმჯობესდება, რაც დაეყრდნობა სწორედ მათ წოდებრივ მდგომარეობას. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის პრაქტიკული შედეგები“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის საკითხს, ლევან იზორიას განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულება ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე, რომ ისინი ბინებით დაეკმაყოფილებინა.
„2013 წლიდან ეს ვალდებულება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბინა 1 634 ოჯახს გადაეცა, დარჩა 728 სამხედრო მოსამსახურე, ვისაც ბინა უნდა გადაეცეს. ყოველ წელს ვაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფას. წელს ბინით დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება, მომავალ წელს 200, ხოლო 2020 წელს დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ ბინებს. პრაქტიკულად, ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოს აღებული ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე, სრულად იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი სამ ეტაპად მოხდება და 2020 წლისთვის დასრულდება.