მამუკა ბახტაძე - საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი 2020 წლისთვის დასრულდება
მამუკა ბახტაძე - საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი 2020 წლისთვის დასრულდება

თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი სამ ეტაპად მოხდება და 2020 წლისთვის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რომლის განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა.

„დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება. 2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა მოხდება სამ ეტაპად და ის დასრულდება 2020 წლისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.