ლევან იზორია - პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება
დღეს ჩვენ სამხედრო პატივით დავკრძალეთ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მისი ერთობისთვის, მისი ღირსების დასაცავად თავი გაწირეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დიღმის საძმო სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს.
„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ, სადაც მათ სამშობლოსადმი სიყვარული, თავდადება, თავგანწირვა და ის დიდი პასუხისმგებლობა ჩაუნერგეს, რამაც დღემდე მოგვიყვანა. სწორედ ეს მაგალითი ჩვენ უფრო გვაძლიერებს ჩვენს წილ პასუხისმგებლობაში, იმ პასუხისმგებლობაში, რომელსაც თანამედროვე რეალობაში იმ გამოწვევებთან ბრძოლა ჰქვია, რა გამოწვევების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, განსაკუთრებით კი, ჩვენი სამშობლოს გაერთიანების, ერთობის უზრუნველსაყოფად. ეს პასუხისმგებლობა ყველამ განსაკუთრებით უნდა ავიღოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება. ეს არის თითოეული ჩვენგანის საერთო ეროვნული ინტერესი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი პასუხისმგებლობით შევძლებთ იმ ოცნებების და იმ მიზნების რეალიზებას, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ქართული ჯარი იმ ტრადიციებს აგრძელებს, რომელიც ვეტერანებმა დაუტოვეს.
„აქვე მივესალმები ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც ცოცხალი მაგალითები არიან ჩვენთვის, თუ როგორ უნდა იბრძოლო ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის. თანამედროვე ქართული ჯარი იმ დიდ ტრადიციებს აგრძელებს, რომელიც მათ დაგვიტოვეს. იმ გამოწვევებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო მათ წინაშე. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მათ სახელებს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ განსაკუთრებულ მადლიერებას მათი ოჯახების მიმართ,” – განაცხადა იზორიამ.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა.