ლევან იზორია - ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავარი მოკავშირე შეერთებული შტატებია
საქართველოს პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინა. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.
ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია. თავდაცვის მინისტრმა იმ უპრეცედენტო დინამიკაზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სფეროში აშშ-თან არსებობს.
„2016 წლის 6 დეკემბერს ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას და საქართველოს ისტორიაში პირველად განისაზღვრა გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმა სამი წლის ფარგლებში. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ 2019 წელს გეგმით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტი წარჩინებით შევასრულეთ და ვემზადებით გრძელვადიანი მეორე ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც წელს აუცილებლად შედგება,“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.
ასევე, ლევან იზორიას განცხადებით, შეერთებული შტატებისგან საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ არის გაზრდილი სამხედრო საგარეო დაფინანსება.
„თუ ხუთი წლის წინ აშშ-ის ფინანსური დახმარება 12 მილიონი ლარი იყო, ის დღეს 41 მილიონ ლარს შეადგენს და ეს იქნება მზარდი დინამიკა. ჩვენ, სწორედ, ამ ერთობლივი პოლიტიკით დავიწყეთ ყველაზე ამბიციური საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც ორ მნიშვნელოვან – წვრთნების კომპონენტსა და შემდეგ მიღწეულის ინსტიტუციური შენარჩუნების ასპექტს მოიცავს. მინდა მოგახსენოთ, რომ 8 აპრილს მესამე ქვეითი ბატალიონი წარმატებით დაასრულებს აღნიშნულ პროგრამას. მიმდინარე წელს, კიდევ ორი ქვეითი ბატალიონი გაივლის აღნიშნული პროგრამით მომზადებას და მომავალში სხვა ქვეითი ბატალიონებიც სრულყოფილად იქნებიან ჩართული მასში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ პროგრამის დაწყებას წინ უძღოდა 15-თვიანი შრომატევადი საქმიანობა, რა დროსაც გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული პირობები სრულად შესრულდა.
„ერთ-ერთი ასეთი პირობა რეგიონისთვის უპრეცედენტო, ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნა იყო. მინდა ასევე განვაცხადო, რომ ყველა ზემოთაღნიშნული ბატალიონი აღვჭურვეთ მსუბუქი, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებით“, – აღნიშნა იზორიამ.
საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა.
„მინდა დღეს, ამ მაღალი ტრიბუნიდან გითხრათ, რომ ჯაველინების სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და ის საქართველოშია. ასევე, აშშ-დან გამოყოფილი თანხებით მოხდება შვეულმფრენების რემონტი და მათი მოდერნიზება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.