ლევან იზორია - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ეხმარება
ლევან იზორია - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ეხმარება

ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე თავდაცვის სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ეხმარება. ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

სემინარის მთავარი იდეა მონაწილე მხარეების მიერ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევების ურთიერთგაზიარება, უსაფრთხოების საკითხების განხილვა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული ზედამხედველობის დაფუძნება წარმოადგენს. „როუზ-როს“-ის სემინარი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.