ლევან იზორია - „ჯაველინების“ სისტემა საქართველოში უკვე სრულად ჩამოვიდა
„ჯაველინების“ სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და სრულად არის საქართველოში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დავიწყეთ ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის შესყიდვა. მინდა, ამ მაღალი ტრიბუნიდან გითხრათ, რომ „ჯაველინების“ სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და სრულად არის საქართველოში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე ინფორმაციით, წელს გამოიყო 23 მილიონი, ანალოგიური თანხა იქნა გამოყოფილი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, შვეულმფრენების რემონტისა და მოდერნიზებისთვის. „ეს თანხა დაახლოებით 50 მილიონი ლარია“,- აღნიშნა ლევან იზორიამ.
ამერიკული „ჯაველინი“ პირველად საქართველოში 2017 წლის აგვისტოში გამართული მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ (Nobel Partner) დროს ჩამოიტანეს.