ლევან იზორია - აბსოლუტურად გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ჩარევას, ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას
„რუსთავი 2“-ის საქმეზე მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს.
როგორც იზორიამ აღნიშნა, მსგავს ფაქტს გამორიცხავს.
„ასევე, ვხედავ იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა, ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხში პოლიტიკური ჩარევის კომპონენტი გამორიცხულია.
„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამია გათავისუფლდა და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.