ლევან იოსელიანი - ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ნებისმიერი სახის შეთანხმება
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ნებისმიერი სახის შეთანხმება, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
იოსელიანის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ამაზე დიდი ხანია საუბრობენ.
მისივე განცხადებით, ამის გამო დამოუკიდებლად განაგრძეს მოლაპარაკებების პროცესი და შედეგსაც მიაღწიეს.
„ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა ის, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს პრინციპულად არ უნდა, შეთანხმების მიღწევა. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი კამათი გვქონდა. ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ასეთი სახის კამათი და ასეთი სახის ურთიერთობა დავასრულეთ. ეს იმის დადასტურებაა, რასაც აქამდე ვამბობდით, ოპოზიციაში არის ნაწილი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელი იყო ნებისმიერი სახის შეთანხმება. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა, შეხვედრები და დამოუკიდებლად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ გვიჭირავს მემორანდუმი, ხუთიდან ოთხი ადამიანი თავისუფალია და ვაპირებთ, ეს შეთანხმება ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიები ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.