ლევან იოსელიანი - „სამართლიანი არჩევნების“ აღიარება არჩევნებიდან მეორე ან მესამე დღეს რომ ყოფილიყო, ქვეყანაში პროცესები ბევრად სხვანაირად წავიდოდა
„სამართლიანი არჩევნების“ აღიარება რომ ყოფილიყო არჩევნებიდან მეორე ან მესამე დღეს, მგონია, რომ ქვეყანაში პროცესები ბევრად უფრო სხვანაირად წავიდოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის პროცესების სხვაგვარად განვითარებაში გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლოა სხვაგვარი სტრატეგია ჰქონოდა, თუმცა გაყალბებას მაინც არ შეეგუებოდა.
„რაღაც კომენტარები მოვისმინე, რომ ხელისუფლება თითქოს ოპოზიციას ადანაშაულებს, თითქოს ჩვენ, ოპოზიციას რაღაც წვლილი მიგვიძღვის ამ ყველაფერში და ოპოზიციას ადანაშაულებს ჩარევაში, მაგრამ სინამდვილეში მაინც მგონია, რომ აქ უფრო მნიშვნელოვანია „ისფედის“ რეპუტაციული გადარჩენა. ამ ორგანიზაციამ შეძლო, თვითონ გამკლავებოდა ამ გამოწვევას, აღიარეს ეს შეცდომა, საჯაროდ დაიწყეს ამაზე საუბარი. პრობლემა არის ის, რომ აღიარება მოხდა საკმაოდ გვიან. ეს არის საკითხი, რომელიც მეტ სიცხადეს საჭიროებს და ჩემი აზრით, ამაზე მეტი კომენტარი უნდა გააკეთოს „ისფედმა“. ეს აღიარება რომ ყოფილიყო არჩევნებიდან მეორე ან მესამე დღეს, მგონია, რომ ქვეყანაში პროცესები ბევრად უფრო სხვანაირად წავიდოდა. მე ზოგადად ნდობა მაქვს „ისფედის“ და რადგან ის ამბობს, რომ იყო შეცდომა, მე არ მაქვს უფლება, სხვა რაღაცა ვიფიქრო. თუ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, მაშინ ამაზე კონკრეტულად გამოძიებამ უნდა დადოს კომპეტენტური დასკვნა. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანაში სხვანაირად წავიდოდა საქმე, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაყალბებას შეეგუებოდა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლებოდა, ოპოზიციას ოდნავ განსხვავებული სტრატეგია ჰქონოდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა “ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა