ლევან იოსელიანი - „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში ვიზიტში, უკვე ვსაუბრობთ განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე
ლევან იოსელიანი - „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში ვიზიტში, უკვე ვსაუბრობთ განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან, ოპოზიცია განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე საუბრობს.

მისივე თქმით, გამგზავრების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ უკვე განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე. „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ამ ვიზიტში. ჩვენ წასვლა დაგეგმილი გვქონდა კვირის ბოლოს, ხუთშაბათ-პარასკევს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა ვითარება, ფაქტია, მარტო ოპოზიცია აღარ მივდივართ, მმართველი პარტია იქნება წარმოდგენილი, გამგზავრების დღესთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. ჩემი სურვილია, რომ ვიზიტი არ გადასცდეს ამ კვირას და კვირის ბოლოს ყველამ ერთად შევძლოთ, წავიდეთ, სამძიმარი გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იქ ვინ ჩაასწრებს კი არ არის მთავარი, მთავარია, ქვეყანა როგორ წარმოჩნდება და გამოჩნდება. თუ ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მმართველი გუნდი იქნება წარმოდგენილი, ეს ნიშნავს, რომ მთელმა ქვეყანამ მიიღო ამაში მონაწილეობა. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ერთ დღეს ვინ ჩავა და მეორე დღეს – ვინ. ამიტომ თუ საჭირო იქნება, მმართველ გუნდს დაველოდები კიდეც, თუ საჭირო იქნება, ალბათ ისინიც დაგველოდებიან. მთავარია, შეთანხმება არსებობს იმაზე, რომ ერთობლივად წავიდეთ. დღეზე რაღაცნაირად მოვრიგდებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა და დაამატა, რომ უკრაინაში წასვლის თარიღთან დაკავშირებით ამჯერად კონსულტაციები არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ მმართველ გუნდთან ერთადაც გაიმართება.

იოსელიანის განცხადებით, დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა არ ჰგონია, რომ საპარლამენტო ვიზიტი პოლიტიკურ დღის წესრიგს მოიცავდეს.

„აწი, კონსულტაციები გაიმართება უმრავლესობასთან ერთად. ეს არის საპარლამენტო ვიზიტი, რასაც თავისი პროტოკოლი აქვს. ამ პროტოკოლის მიხედვით უნდა იყოს გაწერილი, მათ შორის დღის წესრიგი, როგორც წესია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის. ჩემი გადმოსახედიდან ეს არის სამძიმრის გამოცხადების და მხარდაჭერის ვიზიტი. სხვა პოლიტიკური თემებით არ მგონია, ვიზიტი დატვირთული იყოს, თვითონ ფორმატიდან და სიტუაციიდან გამომდინარე. რაც დანამდვილებით ვიცი, შევხვდები ალეკო ელისაშვილს, ერთი თვეა, არ მინახავს და ძალიან მომენატრა. ნამდვილად ვიცი, რომ ეს დღის წესრიგში მაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობითვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.