მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.

„არავის არ აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა, პირდაპირ ვთქვათ. საპარლამენტო უმრავლესობაში როცა ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“. მდინარაძის თქმით, წერილში მოტანილ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას პასუხი არ მიუღია.

„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, მოგეხსენებათ, რომ დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არც ერთ საკითხთან, კითხვასთან, თხოვნასთან, თუნდაც მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ კონკრეტულ მოცემულობაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან, რატომ დაგვაბრალეს ბოლო დროს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია. რატომ გაიწვიეს ელჩი მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. დღესაც ნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოსნაირი დახმარება არავის გაუწევია უკრაინისთვის, მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკრაინაში ჩასვლას გეგმავენ.

„მადლობა ლევან იოსელიანს ორგანიზებისთვის, ამ სურვილისთვის. მისასალმებელია მხოლოდ, მაგრამ თუ საპარლამენტო უმრავლესობა წავა და მით უმეტეს, თუ კითხვებზე პასუხს მივიღებთ და ელემენტარულ გადმოდგმულ ნაბიჯს იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ ვითხოვეთ, რა კითხვებიც დავსვით და ობიექტურად ეს რაღაც ჩარჩოებში მოექცევა, ოპოზიციის არც ერთი მიმართულებით არ დაგვჭირდება ჩვენ დახმარება იმაში, რომ ვიზიტი დავგეგმოთ და საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტი გააკეთებს ამას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.