ლევან იოსელიანი - ევროკავშირს არ აინტერესებს, საგამოძიებო სტრუქტურებს ვიღაც მეთვალყურე კოორდინატორი დაუნიშნოს, მას აინტერესებს, მათი საქმიანობა ეფექტურად გაკონტროლდეს
ლევან იოსელიანი - ევროკავშირს არ აინტერესებს, საგამოძიებო სტრუქტურებს ვიღაც მეთვალყურე კოორდინატორი დაუნიშნოს, მას აინტერესებს, მათი საქმიანობა ეფექტურად გაკონტროლდეს

ევროკავშირს ის არ აინტერესებს, საგამოძიებო სტრუქტურებს ვიღაც მეთვალყურე კოორდინატორი დაუნიშნოს, მას აინტერესებს, მათი საქმიანობა ეფექტურად იყოს გაკონტროლებული, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„შინაარსი ეს არის – თუ გამოძიების რაღაც სტადიაზე რამე გამოწვევას დაინახავს, კორუფციის თვალსაზრისით იქნება ეს, თუ მართლმსაჯულების გამრუდების თვალსაზრისით, ამ სტრუქტურამ უნდა შეძლოს ადეკვატური რეაგირება. შინაარსი ხომ ეს არის და თუ ცვლილებებს ამ შინაარსს გამოვაცლით, მარტო რაღაც კოორდინაციას დავტოვებთ და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, როგორ ფიქრობთ, ეს იქნება იმ მოთხოვნის ამსახველი, რაც მათ ამ ცვლილებებში ჩადეს?“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ცვლილებები, რაც ახლა უმრავლესობის მიერ არის შეთავაზებული, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„სიმართლე გითხრათ, ეს ცვლილებები მე ჯერ არ მინახავს, რადგან არ ვარ იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც ეს საკითხი განიხილება და როდესაც დაგვირიგდება, აუცილებლად წავიკითხავ, თუმცა შინაარსით, რაც ჩემთვის არის ცნობილი, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ ტიპის ცვლილებები, რაც ახლა არის შემოთავაზებული, ამ პრობლემას მოაგვარებს. მასში შინაარსობრივად უნდა შევიდეთ, ამ ორგანოს უნდა ჰქონდეს მათ შორის, გამოძიების უფლება და მეტი უფლებამოსილება, ზოგადად ჩაერიოს საგამოძიებო სტრუქტურების საქმიანობაში. პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება არ არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება გამოძიების თვალსაზრისით. ამ ქვეყანას სჭირდება სისტემურად სხვა ტიპის ორგანო, რომელსაც მთელ ამ სტრუქტურებში ბალანსის როლი ექნება“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, სტრუქტურების მუშაობა სისტემურად ისე უნდა იყოს გამართული, რომ კორუფციის რისკი აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიდეს.

„აი, ამ სისტემურ გამართულობას რომ ვერ ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნორები, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მოდელი და კომპოზიცია რომ არ პასუხობს იმ მოდელს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებშია აპრობირებული, ამიტომ არის რეკომენდაცია მოცემული, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები გატარდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ევრორეკომენდაციებში შესაძლოა, იყოს პუნქტები, რომლებიც შეიძლება, არ შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და ინტერესებს, მაგრამ პოლიტიკურ კლასს პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან ეს ანტიდასავლურ რიტორიკად აღიქმება.

„ჩვენ პოლიტიკურ კლასში რაღაცნაირი პოლიტიკური ნება არ არის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რაღაც რეკომენდაციას, რჩევას, თუ დავალებას, რადგან ეს აღიქმება ანტიდასავლურ რიტორიკად. სინამდვილეში, სრულიად ნორმალურია, რომ 12 პუნქტიდან იყოს რამდენიმე პუნქტი, რომელიც შეიძლება, ისე ვერ იყოს ფორმულირებული, რომ ჩვენ კანონმდებლობასთან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან იყოს თავსებადობაში. თუნდაც, მაგალითად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“. მე ვხედავ ჩვენ საზოგადოებაში და განსაკუთრებით, პოლიტიკურ კლასში ამ უსიტყვო მორჩილებას, თუ არ ვიცი, ამას რა დავარქვა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აინტერესებს, საქართველოში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკური პარტიები არჩევნების გზით ცვლიდნენ ხელისუფლებას, ხელისუფლება იცვლებოდეს რაღაც პერიოდულობით, ოთხ, ან რვა წელიწადში ერთხელ და ერთი პარტია არ იყოს განგრძობითად, ათი, თორმეტი, თუ თხუთმეტი წელი.