ლევან გოგიჩაიშვილი - პროცესი გაჭიანურდება, თუმცა ცუდად დამთავრდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს სილა გააწნეს მურუსიძის უვადო გამწესებით
ლევან გოგიჩაიშვილი - პროცესი გაჭიანურდება, თუმცა ცუდად დამთავრდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს სილა გააწნეს მურუსიძის უვადო გამწესებით

პროცესი დროში გაიწელება, თუმცა ძალიან ცუდად დამთავრდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დღეს სააპელაციო სასამართლოს სილა გააწნეს მურუსიძის უვადო გამწესებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან და ერთადერთი საკითხია, რაზეც არის საერთო სახალხო კონსენსუსი. საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს ადამიანები, რომლებიც ძირითადად დაპატრონებულნი არიან სასამართლო სისტემას, იუსტიციის საბჭოში აქვთ გავლენა და ამ ადამიანების ჯგუფის კონფლიქტი იუსტიციის საბჭოში, რომლებიც სხვა მოსამართლეებს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებენ ფარად და საკუთარ თავს ეძახიან სასამართლოს. ეს დაჯგუფებაა, ადამიანების მცირე ჯგუფი“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასა და პარლამენტთან.

„ყველა დეპუტატი შეწუხებულია ამ ფაქტით. შესაბამისად, მომავალი საპარლამენტო სესიებით უნდა მოხდეს ამ ადამიანების სასამართლოდან უმტკივნეულოდ ჩამოშორება, ისე, რომ არ დაზარალდეს სასამართლო სისტემა და რაც მთავრია, აღსრულდეს საზოგადოების დაკვეთა. ეს არის დემარში საზოგადოების წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს იქნება დროში გაწელილი, თუმცა ძალიან ცუდად დამთავრდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დღეს სილა გააწნეს მურუსიძის უვადო გამწესებით სააპელაციო სასამართლოს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში განწირულია.

„მოგვიწევს ცოტა დროის დახარჯვა, რათა ეს ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით მოვაშოროთ იქაურობას და შესაბამისად, ის, რაც უნდა აღსრულებულიყო მათ მიმართ, უნდა აღსრულდეს, რადგან ისინი იყვნენ დამნაშავეები სააკაშვილის რეჟიმის დროს და სათანადოდ უნდა აგონ პასუხი ყველა უბედურებაზე, რასაც ვანო მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ერთად სჩადიოდნენ და უკეთებდნენ ამ ქვეყანას“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან მურუსიძის უვადო  მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.