ლევან გოგიჩაიშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანია, იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე არ იყოს ადამიანი, რომელიც ჩინჩალაძეს დაუჭერს მხარს
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეკა ბესელიამ განმარტა პოსტის დატოვების მიზეზები, ეს არის ძალიან დასაფასებელი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეთა სიის საკითხის შეჩერება სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დამსახურებაა.
ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარეს, ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაიცავს პრინციპებს და მხარს არ დაუჭერს მიხეილ ჩინჩალაძეს.
„გუშინდელი სია პარლამენტში ჩავარდა. სია, რომელზეც ვფიქრობდი, რომ გავიდოდა და ეს ადამიანები ხალხს წაართმევდნენ მომავალს, ეს გუშინ დამთავრდა. შესაბამისად, განცხადება, რომ პარლამენტმა გადადო საკითხი, მოდიოდა იურიდიული კომიტეტიდან. კომიტეტზე საკითხი არ გავიდოდა და ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება ჩვენი კომიტეტის უმრავლესობის. ახლა მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის საკითხზე დღეს იმსჯელებენ.
„კომიტეტის მოვალეობის შემსრულებელს სავარაუდოდ, დღეს ავირჩევთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავმჯდომარე არ უნდა იყოს ადამიანი, ვინც ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ჩვენი სურვილია, თავმჯდომარე იყოს ადამიანი, ვინც პრინციპულად დაიცავს პოზიციას. ვინ უნდა იყოს, ამაზე გუნდი იმსჯელებს. დავუჭერთ მხარს ყველას, ვინც ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება კითხვას, დაუჭერდა თუ არა ვანო ზარდიაშვილი მხარს ჩინჩალაძეს, ეს ჰკითხეთ ზარდიაშვილს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადადგომის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.