ლევან გოგიჩაიშვილი - დამთავრებულია, სასამართლო ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ამის აღიარება მრცხვენია და საკუთარ თავსაც ვაბრალებ
პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუნდიდან მისი და რამდენიმე პარლამენტარის წასვლის მიზეზთან დაკავშირებულ კითხვას გუშინდელ ინტერვიუში თავად გასცა პასუხი.
„ივანიშვილი დღეს მოძალადეების მხარეს დგას და ზუსტად ამის გამო დავტოვეთ უმრავლესობა. მას უნდა, კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობა და უმრავლესობა სწორედ ამიტომ დავტოვეთ.
როდესაც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩინჩალაძის, მურუსიძისა და ალანიას, ასევე თეთრაძისა და სხვა ადამიანების მკვლელების, მოსამართლეებისა და პროკურორების მხარეს დგას, ადამიანებს არ სჯეროდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ შარზე ვიყავით. მაგრამ გუშინ თავად აღიარა ბიძინა ივანიშვილმა და წყალგამყოფი გაავლო, რომ მოძალადე მოსამართლეების, მოძალადე პროკურორებისა და პოლიციელების მხარეს დგას. დღეს ეს ადამიანები ისევ სისტემაში არიან, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ერთი სურვილი აქვს, აკონტროლოს ყველაფერი და აკონტროლოს სასამართლო.
„დამთავრებულია, სასამართლო დღეს ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, ამის აღიარება ძალიან მრცხვენია და საკუთარ თავსაც ვაბრალებ. ის ჩვენზე გაბრაზებულია და ძალიან საშიშია ამავდროულად, რადგან ვერ ჩვენს მიმართ ანტაგონიზმს ვერ მალავს. საშიშია იმით, რომ ეცდება, უმრავლესობა აიძულოს, მოძალადე მოსამართლეები გახდნენ მაგალითად ერთი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უვადო მისამართლეები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.