ყოფილი თანაგუნდელები, ანაკლიის პორტი, „თიბისი ბანკი“, ქართული კინოწარმოება - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ყოფილ თანაგუნდელებზე, ანაკლიის პორტზე, „თიბისი ბანკის“ საქმესა და კინოწარმოების დაფინანსებაზე.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში არიან.

„შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ შეიძლება ახლა დავიჯეროთ?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2012 წელს მან გააერთიანა ყველა ძალა, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა დრომ ყველაფერი აჩვენა.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.

მისივე თქმით, ბრალდებები პროექტის რუსეთისთვის გადაცემაზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ივანიშვილი ამბობს, რომ პორტის მშენებლობისათვის მამუკა ხაზარაძეს 70 მილიონ დოლარს საჩუქრად აძლევდა.

მმართველი გუნდის ლიდერმა „თიბისი ბანკის“ საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი უხეში ტრანზაქცია რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა.

მისი შეფასებით, „თიბისის“ საქმის გარშემო კითხვები აღარ არსებობს.

ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს.