ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა.
გოგიჩაიშვილის თქმით, წარმოდგენილი მოსამართლეები საქართველოს ყოფილი პრზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებდნენ.
ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„პარტიის თავმჯდომარემ გადწყვიტა, რომ მაინც და მაინც ადეიშვილის გამოზრდილ მოსამართლეებზე უნდა გააკეთოს სწორება, რაც ძალიან უპრინციპო გადაწყვეტილებაა. ესენი ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც სააკაშვილის ყველა უკანონო ბრძანება შეასრულეს, როცა პირდაპირი მნიშვნელობით მოქალაქეებს დევნიდნენ. მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა, მთავარი აღმსრულებლები მოსამართლეები იყვნენ, დღეს ეს მოსამართლეები დასაყრდენები გახდნენ „ქართული ოცნების“. თუ მათი არჩევა მოხდება, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის და საკუთარ ამომრჩეველს დაკარგავს. გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის სულერთია, მოსამართლე ვინ გახდება, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, ვინც წლების განმავლობაში იდევნებოდნენ, სულერთი არ არის“ ,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.
ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.