ლევან გოფოძე -  ყველა, ვინც მომატებულ კონტაქტშია ადამიანებთან, არის რისკჯგუფში, შესაძლებელია, დაინფიცირდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლთან კონტაქტში იმყოფებიან
ლევან გოფოძე -  ყველა, ვინც მომატებულ კონტაქტშია ადამიანებთან, არის რისკჯგუფში, შესაძლებელია, დაინფიცირდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლთან კონტაქტში იმყოფებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რაც უფრო გავრცელდება კორონავირუსი, მით უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, ინფიცირების რისკი გაიზარდოს.

გოფოძის თქმით, ასეთები არიან მაგალითად მედიცინის სფეროს, მედიის, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები.

„ახალი ჯგუფების შექმნა განაპირობა იმან, რომ რაც უფრო გავრცელდება დაავადება, მით უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც შესაძლოა, გაეზარდოს დასნებოვნების რისკი. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა იმ სხვა ჯგუფებისა, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება იყვნენ შემხებლობაში. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.

ეს სრულიად ადეკვატურია, რადგან, თუ გადავხედავთ მსოფლიოს გამოცდილებას, ვნახავთ, ვინ უფრო ხშირად ხდება ინფექციის მატარებელი. აღმოჩნდა, რომ ბევრი ახალი ჯგუფი, რომელიც აქამდე არ ითვლებოდა მოწყვლად ჯგეფებად, ახლა ნელ-ნელა ემატება. ეს არის პრევენციული ზომა. მოგეხსენებათ, საქართველოში ასე ჯერ გავრცელებული არ არის ეს ინფექცია, მაგრამ პრევენციული ზომაა და მე ვფიქრობ, საკმაოდ ადეკვატური და სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

გოფოძის განმარტებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხშირ კონტაქტშია სხვა ადამიანთან, არის რისკ ჯგუფში.

გოფოძის თქმით, შესაძლებელია, დაინფიცირდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლთან იმყოფებიან.

„რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მომატებულ კონტაქტშია სხვა ადამიანებთან, არის რისკ ჯგუფში, რომ შესძლებელია დასნებოვნდეს მათ შორის სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლთან არიან კონტაქტში, შესაძლებელია, იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები. ამიტომ სწორია, რომ ვთქვათ მათაც დავაკვირდეთ და ვიცოდეთ მეტი მათი მდგომარეობის შესახებ, ვიდრე სიმპტომების გამოვლენისას. ალბათ, მოხდება ჯერ კლინიკური დაკვირვება, ხომ არ გამოუჟღავნდათ რაიმე სიმპტომი რისკ ჯგუგებს და შესაძლებელია, სწრაფი ტესტირებაც იქნას ამ ჯგუფებისთვის გამოყენებული უფრო ფართედ, ვიდრე დღეს ვიყენებთ. ესეც სწორია, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სწრაფი ტესტირების საიმედოობის ხარისხი არ არის ისეთი მაღალი და ყველა საეჭვო შემთხვევაში ისევ მოგვიწევს პისიარ ტესტირების გაკეთება“ , –  განაცხადა გოფოძემ.

დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, საეკლესიო პირებს, პენიტენციურ და სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფებსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით სკრინინგი ჩაუტარდებათ.