ლევან ღვინჯილია - სტუდენტებმა იციან, რომ ქართველები არიან, მაგრამ რატომ არიან, არ იციან
სტუდენტებმა არ იციან, რა არის ერი და რატომ გვინდა ქართველად ყოფნა, – ამის შესახებ ენის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ღვინჯილიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საჯარო ლექციებზე სტუდენტებს ხშირად ვუსვამ პროვოკაციულ შეკითხვას, თუ რატომ არიან ქართველები და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ეს არ იციან“, – განაცხადა ღვინჯილიამ.
მისი თქმით, სახელმწიფოში ენის რაობა და მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის, რაც კურიოზია.
„ჩვენ არ ვიცით, რატომ არის მოძრაობა ნაციონალური და გამოცდები ეროვნული, რასაც თუ ინგლისურად გადავთარგმნით, ორივე შემთხვევაში ერთნაირი რამ გამოგვივა. ჩვენდა საუბედუროდ, საქართველოში არც ერს და ზოგჯერ, არც ბერს კარგად არ აქვს გააზრებული ერისთვის ქართული ენის მნიშვნელობა. ერთ–ერთ ინტერვიუში ოტია იოსელიანმა თქვა, რომ ენა უდრის ერს და მათ შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას“, – განაცხადა ენის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ.