ლევან დავითაშვილი - შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის
ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთაველებთან, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ისეთივე კომპლექსური გეგმა, როგორიც გააჩნია ქალაქ თბილისს, რომელიც 40 პუნქტისგან შედგება, კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და 2017 წლიდან ხორციელდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, 2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, ასევე კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რაზეც მუშაობდა კომპეტენტური გუნდი, მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტები. საბოლოოდ, ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სახელმწიფოს მოგვცემს საშუალებას, ეფექტიანად ვმართოთ სამრეწველო საწარმოებიდან ემისიები, გაფრქვევები ჰაერში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა.