საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ რუსთავის სამრეწველო ზონაში მდებარე ყველა უმსხვილესი საწარმოს სრული ინსპექტირების და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა.

მათივე ცნობით, გეგმის მიზანია რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, რაც გარემოს გაჯანსაღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გაწერილ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს: სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესება; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭება; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელება მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე;

აღსანიშნავია, რომ რუსთავის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები არსებულ 25 მსხვილ საწარმოზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სამრეწველო ობიექტზე გავრცელდება. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საწარმოებს ობიექტებზე თანამედროვე მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემების დაყენება და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგი დაევალებათ“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გეგმის ბიუჯეტი 62 მილიონ ლარს აღემატება.

„მნიშვნელოვანია, რომ სამრეწველო გაფრქვევების რეგულირებასთან ერთად, გეგმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა ქალაქში გამწვანებული არეალების გაზრდა, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.