ლევან დავითაშვილი - საქართველოსთვის უდიდესი პატივია ITB Berlin-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, ეს არის აღიარება, რომ ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოსთვის უდიდესი პატივია წარდგენა „ITB Berlin 2023“-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, რაც არის აღიარება, რომ ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„ნება მომეცით, სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება მიღწეული იქნა საჯარო, ასევე კერძო სექტორების ყველაზე ეფექტური ჩართულობით, თანამშრომლობით და, თავის მხრივ, ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის არსებობის დასტურია. ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო შეუფერხებლად აერთიანებს სხვადასხვა კულტურის ასპექტებს, ამავე დროს, ინარჩუნებს საკუთარ შეუდარებელ იდენტობას. ტურიზმი, ვაჭრობა, ენერგეტიკა და დაკავშირებადობა – ქვეყანა სარგებლობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარეობის ყველა უპირატესობით. საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების კუთხით. იგი ჩამოყალიბდა, როგორც დინამიური ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ვალდებულება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემოს ასაშენებლად ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ITB berlin 2023“ ბერლინში ოფიციალურად დღეს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.