ლევან დავითაშვილი - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა დადებითად შეფასდა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები
ევროკავშირიდან, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთიდან მაღალი რანგის პოლიტიკური წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტი და საქართველოსთვის გადახდილი მადლობა იყოს დადასტურება, რომ ჩვენ მჭიდროდ და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის კუმარ აიერის მიერ გაკეთებული შეფასებების კომენტარისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დადებითი შეფასებებით სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი ნაბიჯები.
„რასაც ველოდებოდით, ეს დადასტურდა ჩვენი სტუმრების მხრიდან. მათ აღიარეს, კონკრეტულად შეაფასეს და მკაფიო განცხადებები გააკეთეს იმ პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან. შედეგად, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები. საქართველო არის პარტნიორთა მნიშვნელოვანი მოკავშირე. იცით, რომ უშუალო საზღვარი გვაქვს რუსეთთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ კუთხით ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, დადებითი შეფასებების ფონზე ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიციას აქვს მკაფიო მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის წარმატების ხელის შეშლის და ეს პოზიციები მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტთან მიმართებაშიც გამოიკვეთა.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არ უხარია ქვეყნის წარმატება და პროგრესი. ის დადებითი შეფასებები, რაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ოპოზიციისთვის მტკივნეული აღმოჩნდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ორი დღის განმავლობაში ძალიან დეტალური სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა დელეგაციის წევრებთან, რომელთაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია, როგორ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლის რისკების შემცირება, ზოგადად სანქციების აღსრულების პროცესი და ამ პროცესში რამდენად მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს საქართველოს პარტნიორებთან – როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან.
მისივე განცხადებით, პერიოდულად ხდება პარტნიორებთან ინფორმაციის გაზიარება, ურთიერთგაცვლა, მათ შორის კომპეტენციის გაზრდის კუთხით, რაც თანამშრომელთა დატრენინგებას გულისხმობს.
საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.
ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, მადლობელი არიან „ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.
ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“. ამასთან, დევიდ ო’სალივანმა განაცხადა: საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები და, შესაძლოა, ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, თუმცა ასევე გვესმის სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფება“.