აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა
აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა

საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ დირექტორთან, კუმარ აიერთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.

„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში. ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე, სხვადასხვა პასუხისმგებელ სააგენტოსთან. ჩვენ ასევე შევხვდით ბიზნესსაზოგადოების, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს. ამ ტიპისა და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იმ ტიპის მოწყობილობები, რასაც საომარი მოქმედებების წარმოებისთვის იყენებს.

„ახლა ორი სიტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ძალისხმევა, განსაკუთრებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითაც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს. ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობაზე, რაც, ასე ვთქვათ, გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას. ელჩი აიერი ისაუბრებს დეტალებზე, თუ როგორ შეიცვალა დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, შევაჩეროთ ყველანაირი ტიპის ვაჭრობა და საქონლის მოძრაობა. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.