ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ კახეთში სტიქიისგან დაზარებულებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეძლონ
სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ კახეთში სტიქიისგან დაზარებულებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეძლონ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის შეხვედრას დაესწრო და არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ოპერატიულად, რომ გადარჩენილი ყურძნის დაბინავება უპრობლემოდ მოხდეს. შეხვედრაზე დავსახეთ სამომავლო გეგმა. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპაინებთან, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ და ამ მხრივ, ჩაბარების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. ხვალიდან ყურძნის კრეფას დაიწყებენ და მოხდება დაზიანებული ყურძნის გადამუშავება, რათა გადავარჩინოთ ის მოსავალი, რომელიც სამწუხაროდ, ამ მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ისარგებლონ აგროდაზღვევით.
„მნიშვნელოვანია, რომ თითიოეულ პრობლემას ჰქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ დარგის განვითარებაზე, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აგროდაზღვევის ინსტრუმენტის გამოყენებასთან. რაც უფრო მეტი იქნება აგროდაზღვევის დაფარვის მასშტაბი, ფერმერებისათვის მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები, თუმცა დღეს სახელმწიფო უკვე ახდენს 50%-იან თანადაფინანსებას სადაზღვეო სისტემაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობა შეხვდა.
გუშინ დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.