ლევან დავითაშვილი - პირადად ვიყავი ჭიათურაში და იქ მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა
პირადად ვიყავი ჭიათურაში და იქ მართლაც კატასტროფაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჭიათურაში მცხოვრებთა მდგომარეობა სავალალოა.
როგორც დავითაშვილი ამბობს, მუშაობენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან, რათა მოხდეს სამინისტროს გეგმის გადახედვა და დაჩქარება.
„ამ თემაზე რბილი შეფასებები არ და ვერც იქნება ჩემი მხრიდან. სახელმწიფოს რეაგირება, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა და მას კონკრეტული გეგმა დაესახა, გამოესწორებინა ეკოლოგიური მდგომარეობა, გარკვეულწილად სრულდება, მაგრამ ჩვენთვის ეს მისაღები არ არის.
ვფიქრობ, როგორი ნაბიჯებიც გადავდგით „არ-ემ-ჯი“-სთან დაკავშირებით, სწორედ მსგავსი უნდა მოხდეს ჭიათურაშიც. შეგახსენებთ, ჩვენ კომპანიას საკმაოდ მკაცრად და მკაფიოდ მივწერეთ, რომ კონკრეტული კრიტიკულ წერტილებზე მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. შედეგები კი პირველად მივიღეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ანალოგიურად უნდა მოხდეს „ჯორჯიან მანგანეზთანაც“. ვიცით, რომ აქაც მემკვიდრეობითი პრობლემებია, თუმცა მართლაც სავალალოა იქ მცხოვრებთა მდგომარეობა. სამინისტრო მუშაობს სპეციალურ მმართველთან, რომ მოხდეს გეგმის გადახედვა და დაჩქარება. მართალია მათ ახალი საწარმო ააშენეს და დამატებით ინვესტიციებიც ჩადეს, რაც გარემოს ნაკლებ ზიანს მოუტანს, თუმცა იქ საჭიროა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები მოხდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მმართველობა დააჩქარებს და გაითვალისწინებს სამინისტროს შენიშვნებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.