ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრს, დაინიუს კრევისს შეხვდა
ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრს, დაინიუს კრეივისს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის კონკურენტულ და სწორ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების გაჩენას.
ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელმაც უნდა წაახალისოს კერძო ინვესტიციები ენერგეტიკულ სექტორში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ლიეტუვა განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროების მეტად ათვისების მხრივ.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.