ლევან დავითაშვილი - კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა დარგობრივ სამინისტროებთან, გამოიკვეთა კატარსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები
კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაიდება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან.
„კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. ასევე, ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს და საქართველოს მნიშვნელობას შუა დერეფანში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და, მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს გასულ წელს საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენ კატარიდან საქართველოში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ და ეს იყოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკური ზრდის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.