ლევან დადუნაშვილის დედა - მაია ნიკოლეიშვილს ეგონა, რადგან სამედიცინო ენით საუბრობდა, მის ნალაპარაკებს ვერ გავიგებდით
დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ეგონა, რომ რადგან სამედიცინო ენით საუბრობდა, ვერ გავიგებდით, რასაც ილაპარაკებდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ნათია საყვარელიძე მაია ნიკოლაიშვილის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ექსპერტი სასამართლო პროცესზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე საუბრობდა.
„დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო ვარაუდი, ვარაუდი, ვარაუდი, აი, ეს ისმოდა მხოლოდ. ჩემი ვარაუდით, ჩემი ვარაუდით – მისგან მხოლოდ ეს სიტყვები ისმოდა. ჩემთვის მიუღებელია, როცა ორი 16 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე მოდიხარ, არ შეიძლება, ვარაუდის დონეზე ილაპარაკო, რაღაც კონკრეტული უნდა თქვა“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
მისი თქმით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ის კატეგორიულად გამორიცხავს, რომ დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობები დანით ყოფილიყო მიყენებული.
„ამის შემდეგ მან გააკეთა განცხადება, რომ ორი ბავშვის სასიკვდილოდ მიჩნეული ჭრილობებიდან, კატეგორიულად გამოვრიცხავ დანას, ნაჩხვლეტ-ნაკვეთ ჭრილობას, სავარაუდოდ, ეს იყო მაკრატელი. აი ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება და უნდობლობა კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობებზე. კატეგორიულად ვამბობ – აი ეს იყო მისი სიტყვები. მან აღნიშნა, რომ გამორიცხავს ნაკვეთ-ნაჩხვლეტ საგანს და დანას, მისი თქმით, ეს არის ბლაგვი საგნით მიყენებული, სავარაუდოდ მაკრატლით“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.