ლევან დადუნაშვილის დედა - იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, ყველას დავავიწყდი, რომ მეც დაზარალებული ვიყავი
ლევან დადუნაშვილის დედა - იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, ყველას დავავიწყდი, რომ მეც დაზარალებული ვიყავი

იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, რომ მგონი, ბოლო მომენტში, საერთოდ ყველას დავავიწყდი, რომ მეც დაზარალებული ვიყავი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით, როდესაც პროკურატურიდან დაუკავშირდნენ, რომ საქმეში დაზარალებულად ვინმე აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო, თანამშრომლობას დასთანხმდა.

როგორც ნათია საყვარელიძემ აღნიშნა, ის ადვოკატთან ერთად, საქმის მასალებს, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებსაც გაეცნო.

საყვარელიძის თქმით, მისი შვილი, ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტთან კავშირში არ ყოფილა და მკვლელობის ადგილზე შემთხვევით მოხვდა.

„ჩემი შვილი, ლევან დადუნაშვილი მომხდარ კონფლიქტში, შემიძლია ვთქვა, რომ არის მსხვერპლი, რა გაგებითაც შეიძლება არსებობდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. გინდა ბრმა დაარქვით, გინდა შემთხვევითი დაარქვით, მაგრამ არის მსხვერპლი. ბავშვი, რომელიც არანაირ შეხებაში არ ყოფილა მომხდართან არც სკოლაში, არც სკოლის შემდეგ მომხდარ კონფლიქტთან, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა.

ლევანი ამ გზით ადიოდა სახლში, ჩვეულებრივად წამოვიდა სახლისკენ და შესულია შემთხვევით, ბოლო მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ჩხუბში ლევანი ბრმად არ შევიდოდა, ეტყობა, იქ ვინმე დაინახა, ძმაკაცი ან სკოლელი, მხოლოდ ამიტომ შეუხვია, ეს ჩემი აზრია. გამოძიებითაც ჩანს, რომ ბოლო მომენტშია შესული. იქ არ ვიცი, რა ქმედება არის განხორციელებული ლევანთან მიმართებით, რატომ მიუბრუნდა ლევანს დამნაშავე, არ ვიცი, შეიძლება მქონდეს ჩემი ვარაუდები“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.