ლევან ცაგურია (კოკაი) - ახლა ყველა იაპონელმა იცის ლევან გორგაძის სახელი და სად არის მისი სამშობლო საქართველო

ლევან გორგაძის – ტოჩინოშინის წარმატება საქართველოს აუცილებლად წაადგება, – ამის შესახებ პირველ არხს კოკაიმ – ლევან ცაგურიამ განუცხადა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში სუმოთი დაინტერესდა და წარმატებას მიაღწია.

“ეს არის უდიდესი დღე ჩვენი სპორტისა და ქვეყნის ისტორიაში, რადგან იმპერატორის თასის მოპოვება შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, უიმბლდონზე წარმატებას. შესაძლოა, მნიშვნელობით უფრო დიდი მოვლენაც იყოს, რადგან სუმო იაპონიაში სპორტის სახეობაზე მეტია და ქვეყნის კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ახლა უკვე ყველა იაპონელმა იცის ლევანის სახელი და სადაა მისი სამშობლო საქართველო. ლევანის წარმატება ქვეყანას აუცილებლად წაადგება – მთავარია, მას სწორი მიმართულება მივცეთ“, – ამბობს კოკაი, ლევან ცაგურია.

ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. ამასთან, ის მესამე ევროპელია, რომელსაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.