ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - იაპონიაში გაიგეს, რომ რუსი და ამერიკელი კი არა, ქართველი ვარ

იაპონიაში ვინც არ იცოდა საქართველო, ახლა ყველამ გაიცნო – ამის შესახებ იმპერატორის თასის გამარჯვებულმა ლევან გორგაძემ – ტოჩინოშინმა პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, ეს წარმატება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„ჩემს კარიერაში 12 წლის განმავლობაში საუკეთესო დღე იყო. იყო წარსულში ტურნირებიც, მაგრამ ასეთი შედეგი არ მქონია. ფიზიკურად მოვემზადე – მუხლის ტრავმაც მაქვს, მაგრამ ახლა უკეთ ვარ. ვარჯიშებიც კარგად ჩავატარე.

იაპონიაში ყველა გახარებულია, ვინც მიცნობს და არ მიცნობს და ვინც არ იცოდა საქართველო, არ იცოდა საქართველო სად იყო, ყველამ გაიცნო.

საქართველოდან ვგრძნობდი მხარდაჭერას, ჩემებიც ამ ყველაფერს მეუბნებოდნენ.

ბოდიში მინდა მოვუხადო, ვისაც ვერ ვუპასუხე მილოცვაზე.

მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა ამ 12 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია ეს წარმატება ქვეყნისთვისაც, თავიდან მაცხადებდნენ „გრუზიათი“ და მერე „ჯორჯიათი“ და ბევრს ეგონა, რომ ვიყავი ამერიკელი. მერე გაიგეს, რომ რუსი და ამერიკელი კი არა, ქართველი ვარ“, – განაცხადა ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. ამასთან, ის მესამე ევროპელია, რომელსაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.