ლევან ბეჟაშვილი - ჩანაწერების გამოქვეყნება უკავშირდება არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნებით პროკურატურის გამოყენებას
ჩანაწერების გამოქვეყნება უკავშირდება საარჩევნო მანიპულაციას და არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნებით პროკურატურის გამოყენებას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა იმართება კრიმინალური ბანდ-ფორმირებების მიერ. წამებით ხდება მტკიცებულებების განადგურება და ბიზნესების გადანაწილება. ასეთი ვითარების შემქმნელი ხელისუფლება დღეს გვთავაზობს გაუგებარ, 1 1 წლის წინანდელ ჩანაწერებს, რომელთა მტკიცებულებად მიღება არც საზოგადოებას და არც არავის შეუძლია.
ამ საქმესთან დაკავშირებით როდესაც არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო უწყებების დასკვნები, ცხადია, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება საარჩევნოდ ხდება. როდესაც 11 თვის წინ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გაუხსნელია და 11 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებებს გამოაგდებ, უკავშირდება საარჩევნო მანიპულაციას და არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნებით პროკურატურის გამოყენებას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, „ნებისმიერი ჩანაწერი თუ დანაშაულებრივი შემთხვევა სათანადო საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ“.
„გამოძიება დაინტერესებული უნდა იყოს გამოძიების შედეგებით და არა პოლიტიკური პიარით, რასაც სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან ვხედავთ. ამ საქმესთან დაკავშირებით ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ახლა, საპრეზიდენტო პერიოდში რატომ მოხდა მისი გამოქვეყნება, ყველა კარგად ვხვდებით, რა არის ამის კონტექსტი. ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება, იმ გამოძიებამ, რომელსაც მართავს ოთარ ფარცხალაძე და იმართება იმ მეთოდებით, რაც ამ ადამიანის სახელთანაა დაკავშირებული. საზოგადოებას კითხვებზე პასუხი პროკურატურამაც და ხელისუფლებამაც უნდა გასცენ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.
ამასთან, პროკურატურის
ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.