ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა „ომეგა ჯგუფმა“ და ტელეკომპანია „იბერიამ“ მუშაობა განაახლონ
კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლოა „ომეგა ჯგუფმა“ და ტელეკომპანია „იბერიამ“ მუშაობა განაახლონ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „იბერიას“ მუშაობის განახლება დამოკიდებულია „ომეგა ჯგუფის“ ფინანსურ მდგომარეობაზე.
„მუშაობის განახლებას რაც შეეხება, ამ ეტაპისთვის კომპანიის აქტივების რეალიზება არ მოხდება. ეს აკრძალვა დააწესა საერთაშორისო სასამართლომ. სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება. ეს იყო შუალედური გადაწყვეტილება, მთავარი პროცესი წინ არის. მთავარი პროცესის მსვლელობის განმავლობაში შესაძლებელია მუშაობა აღდგეს. საერთაშორისო სასამართლოს დასრულების შემდეგ არის შანსი, თანამშრომლებმა მუშაობა განაახლონ. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“, მისი მუშაობის განახლება იგეგმება, უბრალოდ როდის მოხდება, ეს დამოკიდებულია „ომეგა ჯგუფის“ ფინანსურ მდგომარეობაზე. „ომეგა ჯგუფს“ უარი არასდროს უთქვამს კომპენსაციის გადახდაზე, თუმცა როდის მოხერხდება, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა.