ლერი ბარნაბიშვილი - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებს აღვუთქვით, რომ მათი ყველა კითხვა მივა პრემიერამდე, შესაბამის სამინისტროებამდე და გაეცემა პასუხები
შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს შორის, მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო რიგი საკითხები, რომელიც მათ აწუხებთ.
„ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ ყველა მათი კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა კითხვას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან. ასევე იყო ჩემი მხრიდან შეთავაზება და თანხმობა, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში, მაქსიმალური იქნება კითხვებზე პასუხის გაცემა. იყო მათი მხრიდან კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული მოთხოვნები. მე მათ აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში მათთან პასუხებით დაბრუნება. ნებისმიერი ფორმატი შევთავაზეთ, ეს იქნება მოლაპარაკების საგანი, ნებისმიერ ფორმატზე წამოვყვებით“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვლება, ის აუცილებლად ჩაერთვება აღნიშნულ მოლაპარაკებებში.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხი, ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა: „დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ ჰესების მშენებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებს, არ იქნება შესრულებული, ეს იყო მათი მხრიდან ჰიპოთეტური შეკითხვა და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი“.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.
დიალოგში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.