ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქციას ტოვებს
ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქციას ტოვებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ფრაქციის რიგებს ტოვებს.

განცხადებას ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს. აღნიშნული განცხადებით, ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს“, -ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

ამასთან, ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური მახარაძის განცხადებასაც ავრცელებს.

„იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – აცხადებს ომარ მახარაძე.