ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრებთან კავშირს უარყოფს. როგორც ჰოლივუდელი მსახიობი „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, არ დაუფინანსებია ორგანიზაციები, რომელთა დაქირავებულმა მეხანძრეებმაც ამაზონის ტროპიკულ ტყეში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.
„როდესაც ამაზონი კრიზისშია, მე გამოვხატავ მხარდაჭერას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას. ფსონზე დევს ამ განუმეორებელი ეკოსისტემების მომავალი ბედი. ამაყი ვარ, რომ ვეხმარები იმ ჯგუფებს, რომლებიც მათ იცავენ. ის ორგანიზაციები, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტმა ახსენა, არ დაგვიფინანსებია“, – წერს დიკაპრიო.
ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰოლივუდელი მსახიობი აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოხალისე მეხანძრეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხანძრის კერების ფოტოებს სთხოვდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მათგანმა ცეცხლი ტყეში განზრახ გააჩინა, რათა სარგებელი ენახა.