ლენტეხში მოსახლეობა „ხელედულა-3“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეებმა მშენებელი კომპანიის „ხელედულა ენერჯის“ კუთვნილი მძიმე ტექნიკა ხეობის მიმართულებით არ გაატარეს. მათი ინფორმაციით, კომპანიამ ტექნიკა ცაგერში გადაიყვანა.
ადგილობრივების განცხადებით, მდინარეების ხელედურასა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4-კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას აქ ჰესი ააშენონ. გზა გადავკეტეთ და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, – განაცხადა პირველ არხთან სოფელ წანაშის მკვიდრმა რაჯი ლიპარტელიანმა.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებლობის დაწყებისა და ჰესის აშენების შემთხვევაში, ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.