ლენტეხში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
ვერტმფრენმა წყალი სოფელ მელეში, მდინარე ცხენისწყლიდან აიღო.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.
„არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა“, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა მობილიზებული თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდან.
სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.