კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი ცხადდება.
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
„მოგეხსნებათ, რომ დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ ამ რაიონში. მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების რჩევით და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ამოქმედება ის რეჟიმი, რომელიც არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევზღუდოთ შიდა გავრცელება, რომ არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, გადაადგილდეს, მხოლოდ საკვების შესაძენად, წამლების შესაძენად ან კიდევ სამედიცინო მომსახურებისთვის. ისევე, როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სპეციალური პროტოკოლის დაცვით შეეძლებათ აწარმოონ. იმოქმედებს ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა. ლენტეხის რაიონის შესასვლელ-გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებენ შსს და თავდაცვის ძალები. უკვე დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მოხდება თითოეული ადამიანის შემოწმება. ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღო ბოლნისსა და მარნეულში. უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს საკვების თვალსაზრისით. არ შეფერხდება საკვების მიწოდება და ამას კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო შტაბი და პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება. ღონისძიებები, რომელსაც ვატარებთ ცალკეულ მუნიპალიტეტში, არ არის საკმარისი. ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ის რეკომენდაციები, რომლებიც არის გაცემული, დაიცვან საკუთარი თავი, ახლობლები და ყველა თანამოქალაქე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
ისინი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.
ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.