ლელა აქიაშვილი - ოჯახში ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არ აქვს გეოგრაფია და ნაციონალობა
ლელა აქიაშვილი - ოჯახში ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არ აქვს გეოგრაფია და ნაციონალობა

ოჯახში ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არ აქვს გეოგრაფია და ნაციონალობა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ყველგან ხდება და ხდება განგრძობითი დროის განმავლობაში. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ოჯახში ძალადობა შეიძლება, სრულად აღმოვფხვრათ ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორი თანაფარდობაა საზოგადოებაში ამ დანაშაულის მიმართ დამოკიდებულებასა და გაზრდილ მიმართვიანობას შორის. თუ მიმართვიანობა იზრდება, ლოგიკურად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დანაშაულიც იზრდება. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ, გაზრდილი მიმართვიანობა პირიქით, შეიძლება, იმას ნიშნავდეს, რომ ხალხი ამაზე საუბრობს“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

როგორც ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში გარდატეხას ახდენს ოჯახში ძალადობის მიმართ შსს-ს და ზოგადად, ქვეყნის ძალიან ხისტი პოლიტიკა, არაერთხელ გამკაცრებული კანონი და მკაცრი მიდგომები, საბოლოოდ კი, მივიღებთ საზოგადოებას, სადაც ოჯახური ძალადობა მიუღებელი იქნება.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს და მნიშვნელოვანია, ეს კოორდინირებული მუშაობა გავაგრძელოთ. ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს, სწორედ კოორდინაციას უწყობს ხელს და ამ კოორდინირებული მიდგომით, მუდმივ რეჟიმში, მოდუნების გარეშე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოების გარდატეხა“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

ლელა აქიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლება არის ის, რამაც შეიძლება, საზოგადოება გააერთიანოს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, სახელმწიფოს ვალდებულებებზე, მეორე მხრივ კი, საზოგადოებაში ცვლილებაზე. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, ეს ერთობლივი გარდატეხა ერთად მოვახდინოთ“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.