ლელა აქიაშვილი - დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა
დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება, არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიწყებთ კამპანიას, რომლისთვისაც მუშაობას რელევანტურ საჯარო უწყებებთან, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ცნობიერების ამაღლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა არის გლობალური პრობლემა, რომელსაც არ გააჩნია გეოგრაფიული საზღვრები და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონმდებლობა არაერთხელ იქნა გამკაცრებული. დღეს დღეობით დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიწყებთ კამპანიას, რომლისთვისაც მუშაობას რელევანტურ საჯარო უწყებებთან, იმისათვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ცნობიერების ამაღლება და იმ სერვისების გაუმჯობესება რაც ამ პრობლემასთან ბრძოლაში გამოგვადგება“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება.
„კანონპროექტი, რომელიც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განიხილა პარლამენტში, სწორედ აი ამ პრევენციის და მონიტორინგის ერთ-ერთი ნაწილია. პრევენციის და მონიტორინგის მხრივ კიდევ არაერთი ღონისძიება გატარდა, შეიქმნა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მონიტორინგის მექანიზმი, პრევენციის მექანიზმები და ა.შ.“, – აღნიშნა აქიაშვილმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ კამპანია იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანია, რომ მასში ჩაერთოს ყველა საჯარო უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები და ცნობილი ადამიანები.
„იმისათვის, რომ კამპანია იყოს წარმატებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ჩაერთოს ყველა საჯარო უწყების წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. შესაბამისად , როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველა ამ აქტორს ჩაერთონ კამპანიაში იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივიტანოთ სათქმელი საზოგადოებამდე. წარსულში ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე კარგი მაგალითი, როდესაც საზოგადოებრივმა გაერთიანებამ მიგვიყვანა შედეგამდე და ეს კამპანია არ არის გამონაკლისი და თუ ჩვენ ყველა არ გავერთიანდებით და ყველა ერთად არ ავიმაღლებთ ხმას, უპირველეს ყოვლისა დავიწყებთ საუბარს ამ პრობლემაზე შედეგს ისე ვერ მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად გამოგვივა“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.
ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და რელევანტური უწყებების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, რელევანტური სამინისტროების მიერ განისაზღვრება კონკრეტული ქმედებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, კრიზისული სერვისების მიწოდების, განგრძობადი და პროფესიული განათლების და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.