ლელა აქიაშვილმა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის რიგით მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ლელა აქიაშვილმა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის რიგით მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შედგა რიგით მე-13 ადამიანის უფლებების დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მსგავსი ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ ვირტუალურ მაგიდასთან ყველა ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებების სფეროში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დისკუსიისას მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების სტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყანაში, მათ შორის, ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს გაძლიერება და ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგიის შემუშავება.

„დისკუსიისას ვიმსჯელეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების სტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყანაში, მათ შორის, ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს გაძლიერება, ასევე, ახალი ადამიანის უფლებების სტრატეგიის შემუშავება და ის მიღწევები, რაც უწყებათაშორისი თანამშრომლობით შევძელით 2019 წლის განმავლობაში. ასევე, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ადამიანის უფლებებზე მუშაობისას და ყველა ერთად შევთანხმდით, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს Covid-19-ის დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

შეხვედრას ესწრებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური. მისი თქმით, დიალოგის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით.

„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სხვა საკითხებთან ერთად გავუზიარეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო მუშაობს, არამედ პროცესში ჩართულია მრავალი საჯარო უწყება, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი და ამ პროცესის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას ასევე არა ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა ინფორმაციის გაცვლა და დისკუსია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრისას ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი თავმჯდომარეობდა, ხოლო ევროკავშირის მხარეს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი რიჩარდ ტიბელსი. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა.

დიალოგი ყოველწლიურად იმართება და ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, წარმოადგენს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის პარალელურ ფორმატს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.