სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერის მრჩეველმა ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერის მრჩეველმა ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.

სახელმწიფო აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრისას განხილული იყო COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და ადამიანის უფლებების ახალი ეროვნული სტრატეგია.

მათივე ცნობით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა დაეთმო პანდემიისას ადამიანის უფლებების დასაცავად გატარებულ ღონისძიებებს და ყოველდღიურობაში არსებულ გამოწვევებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტებზე, რაც მათი აზრით ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაში უნდა აისახოს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზუგდიდის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის მთავრობის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას არც ერთი მოქალაქის განცხადება თუ მოთხოვნა რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.