მამაკაცი, რომელმაც ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობა მიიღო, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ფოთლების ნახარშით მიიღო, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით, დღეს, კლინიკას ერთდროულად ორმა პირმა მიმართა. 23 წლის მამაკაცმა და 26 წლის ქალბატონმა ნახარში რუჯის მიღების მიზნით გამოიყენეს, რის შედეგადაც მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები მიიღეს.
ახალგაზრდა ქალი ხელწერილის საფუძველზე დღესვე გაეწერა და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.
„მამაკაცს აღენიშნება გულ-მკერდის, ზემო და ქვემო კიდურების ქიმიური დამწვრობა, ლეღვის ფოთლების ნახარშით. ქალბატონმა, რომელსაც ასევე რუჯის მიღების მიზნით ჰქონდა წასმული და დამწვრობა მიღებული, სამწუხაროდ, უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე და ხელწერილის საფუძველზე გაეწერა ბინაზე სამკურნალოდ“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ფოთლების ნახარში არ გამოიყენოს, ვინაიდან ის მხოლოდ უარყოფით შედეგებს იწვევს.